ანგარიშის სრული ტექსტი, ელექტრონული სახით ხელმისაწვდომია ცენტრი „ემპათია“ -ს ვებ-გვერდზე: www.empathy.ge ასევე ფეისბუქის საშუალებით: Facebook/Rct.Empathy.
ანგარიში მოიცავს 04/09/20 – 27/10/20 პერიოდს და მასში ასახულია ფიზიკური ძალადობისა და ამომრჩეველთა თავისუფალ არჩევანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების 27 ფაქტი. ფაქტები ეხება ცენტრი „ემპათია“ -ს ბენეფიციარებს, ასევე, კვლევის ფარგლებში შეგროვებულ იქნა ინფორმაცია დამოუკიდებელი მედია საშუალებებიდან. ცენტრი „ემპათია“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის აღნიშნულ მედია საშუალებებსა და ჟურნალისტებს, ასევე ორგანიზაციის ბენეფიციარებს.
ანგარიშში, ძალადობრივ ფაქტებთან ერთად, ყურადღება იქნა გამახვილებული ძალოვანი სტრუქტურების როლზე ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის პროცესში, ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნის არჩევნებზე ზეგავლენისათვის გამოყენების ფაქტებზე („კარტოგრაფების საქმე“) და COVID-19-ით საარჩევნო პროცესზე მანიპულირებაზე, ამომრჩეველთა სტიგმატიზირებასა და არჩევანის უფლების შეზღუდვაზე.
დოკუმენტი გადაეგზავნა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ – ს საელჩოებს, ასევე ეუთოს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. ანგარიში ასევე ეგზავნება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფს.
ანგარიშში აღწერილი ძალადობის ფაქტები ემსახურება საზოგადოების დაშინებას და საფრთხეს უქმნის არჩევნების ლეგიტიმურობას. ცენტრი „ემპათია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადეკვატურად გამოიძიოს ყველა ფაქტი და მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენცია, ასევე, მიმართავს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე, არჩევნების დღესა და მომდევნო პერიოდში დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით.
ანგარიში არ მოიცავს ძალადობის ყველა ფაქტს.