ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება საქართველოს მე – 3 -ე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 16/11/2021 – ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით
ცენტრი „ემპათია – ს მიერ 29/10/2021 წელს მიემართა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ბნ. ცხვარიაშვილს და სამედიცინო მეთვალყურეობის დეპარტამენტის უფროსს ქნ. დემურიშვილს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ექსპერტიზის მოთხოვნით. დღემდე ექსპერტთა ჯგუფს არ ეძლევა საშუალება ადგილზე ჩატარდეს სამედიცინო შემოწმება და გაეცნოს სამედიცინო დოკუმენტაციას სრულად, კერძოდ, N 18 – ე დაწესებულებაში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია არ გადასცემიათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს და შესაბამისად ჩვენ არ მოგვეწოდა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებს ეძლევათ საშუალება ვიზიტი განახორციელონ პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფს სრული უფლება აქვს ჩაატაროს ადგილზე ექსპერტიზა შემდეგი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი:
მუხლი 21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.
მუხლი 144. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი
პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი
თავი X. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებები
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შეუძლია ამ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს შეუზღუდოს სამედიცინო მომსახურების გამწევის არჩევის უფლება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ამავდროულად, ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 ის მიხედვით (არასათანადო მოპყრობა), რაც მოიცავს ეპიზოდს მე – 18 დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობის შესახებ. შესაბამისად, სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრის განცხადებებით, საქართველოს პენიტენციური სისტემა ამჟამად წარმოადგენს მხარეს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მხოლოდ მათ სამედიცინო სამსახურებს ეძლევათ საშუალება შეისწავლონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაუქმდა ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმის მოღვაწეობაც. შესაბამისად, ობიექტური ინფორმაციის დადგენა შეუძლებელი გახდა. აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ექიმის პროფესიულ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელია საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ჯანდაცვის სამსახურების პენიტენციურ სამსახურში დაქვემდებარების გამო.
აქვე გაცნობებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ვალდებულება დააკისრა საქართველოს მთავრობას, ჩაეტარებინა პარიტეტულ საფუძვლებზე სამედიცინო ექსპერტიზა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ, იუსტიციის მინისტრს იმოქმედოს კანონის შესაბამისად, რათა არ შეეშალოს ცენტრ „ემპათია“ -ს ხელი ექსპერტიზის ჩატარებაში, ასევე, შექმნას პარიტეტული კომისია ციხის საავადმყოფოს შესაძლებლობების განსაზღვრის მიზნით.
მარიამ ჯიშკარიანი
ცენტრი „ემპათია“
ცხელი ხაზი 599 885468/28