პრესს – რელიზი 10/04/2020
არასამთავრობო ორგანიზაციის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“–ს განცხადება COVID – 19 – თან დაკავშირებით იზოლაციაში ან/და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში, მათ შორის, კარანტინში, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოიკვეთა უხეში ფაქტები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, ასე მაგალითად, ფოთში ადამიანის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტი, ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა თერჯოლაში; ასევე ხშირია მოსახლეობის წუხილი გადამეტებული უფლებამოსილების გამოყენებით დაჯარიმების ფაქტებთან დაკავშირებითაც.
აღსანიშნავია, რომ შექმნილი ვითარება მოკლებულია ეფექტური კონტროლის მექანიზმებს, რაც კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობას ქმნის უფლებების დარღვევებისათვის.
დღესდღეობით მთელს მსოფლიოში ახალ გამოწვევად რჩება თავისუფლების შეზღუდვის პირობებში ადამიანის უფლებათა დარღვევის თემა, შემუშავებულია მთელი რიგი რეკომენდაციები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამედიცინო თვალსაზრისით შეზღუდვები არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული ადამიანების უფლებების დარღვევისათვის.
შესაბამისად, მოუწოდებთ ხელისუფლებას, გამოსცეს სპეციალური განკარგულება აღნიშნულ სიტუაციაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მყარი გარანტიების დაცვის მიზნით.
ამასთანავე, მოუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს გამოძიება არასათანადო მოპრობის ფაქტებთან დაკავშირებით წარმართოს წამების საწინააღმდეგო კონვენციისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს გამოძიების დაწყებას შესაბამისი და არა სხვა – უფრო მსუბუქი მუხლებით.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის წამება და არასათანადო მოპყრობა დაუშვებელია ნებისმიერ ვითარებაში, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში.
არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთ მოუწოდებთ იყონ აქტიურნი და ნებისმიერი დარღვევის შესახებ დაგვიკავშირდნენ ცენტრ „ემპათია“ – ში „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ან /და ონლაინ მესენჯერის მეშვეობით (Rct.Empathy).
ცენტრი „ემპათია“
ცხელი ხაზი: 599 548868 / 599 548828